გელა ჩადუნელი - მისთვის სამშობლო ყველა(ფერია), ყველაფერი კი ხაშურის რაიონის სოფელ თაგუეთიდან იწყება, ბავშვობიდან. ამ სოფელს უკავშირდება მისი ცხოვრების ნათელი მოგონებები, მშობლიური სახლის სითბო, მოსიყვარულე ნათესავების, მეგობრებისა და თანასოფლელების გარემოცვაში გატარებული წლები.
გელა ჩადუნელი 1966 წლის 1 თებერვალს დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. გამორჩეულად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოსწავლე დღესაც ახსოვთ მის პედაგოგებს და არც არავის გაკვირვებია, იმავე წელს რომ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არც ის გაკვირვებიათ, სპეციალობად მათემატიკის ფაკულტეტი რომ აირჩია - მართვის თეორიის სპეციალობით, რადგან მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნიჭიერი და მუდამ სიახლეების მაძიებელი სტუდენტი, სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესდა და მისი კარიერა ასე განვითარდა:1987-1988 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესსასწავლებელთაშორისო გამოთვლით ცენტრში მეცნიერ-თანამშრომელია, 1988-1993 წლებში - თსუ-ს გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1993-1996 წლებში - საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი უმაღლესი სასწავლებლის („ESM თბილისი“) მიკრო-მაკრო ეკონომიკის ლექტორი.
მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში, საქართველოში განვითარებული ტრაგიკული პოლიტიკური პროცესების, სისხლიანი სამოქალაქო და რუსეთ-საქართველოს ომების შემდეგ - ტერიტორიებდაკარგულ და გაპარტახებულ სამშობლოში, გელა ჩადუნელსა და მის ოჯახსაც ისევე გაუჭირდა, როგორც სრულიად საქართველოს. სწორედ ამ პერიოდში იღებს გადაწყვეტილებას, რომ მეცნირებიდან ბიზნესში უნდა სცადოს ბედი, სცადა და წარმატებითაც: 1996-2000 წლებში - შპს “ზოლი”-ში დირექტორის თანამდებობაზეა; 2000 – 2010 აპრილამდე იყო შპს აუდიტური კონცერნის “ცოდნა” მმართველი პარტნიორი და პროფესიული ჟურნალის - „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ გამომცემელი.
2010 წლის აპრილში კი აფუძნებს ფინანსური მართვის ჯგუფს, სადაც დღემდე მმართველი პარტნიორი და აუდიტორია. დღეს ბიზნეს-წრეებში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც, ძნელად მოიძებნება ბიზნესმენი, ვისაც FMG -ფინანსური მართვის ჯგუფის ექსპერტული დასკვნები, რეკომენდაციები და ურთულესი ამოცანების გადაჭრის გზები არ გამოუყენებია წარმატებული ბიზნესის ასაწყობად. გელა ჩადუნელს 2015 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური ხარისხი. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში და მიიჩნევს, რომ სამეცნიერო საქმიანობიდან შორს არ წასულა - პირიქით, სწორედ წარსულში მიღებული ცოდნა გახდა ქვეკუთხედი მისი წარმატებისა.
და მაინც, სადაც არ უნდა იყოს, მეცნიერებასა თუ ბიზნესში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ისევ თაგუეთში ბრუნდება, სადაც „ყველა (ფერია) ერთად: დრო, გრძნობა, ემოცია, წარსული და მომავალი უსასრულოა... მხოლოდ აწმყოა წუთიერი... აქედან იშვა წუთისოფელი, თუმცაღა წამია წუთისოფელი...“ სწორედ ამ წამების ასახვას უკავშირდება მისი ჰობი - ფოტოგრაფია. მისთვის ყველაფერი ძალიან მარტივია - „სულ არის სამი: სცადე! იპოვე! ასახე წამი!“
ფოტომოყვარული გელა ჩადუნელის ცხოვრება წარმოუდგენელია ავტომობილების გარეშე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას სწორედ მისი „საჯინიბოს ველური ბინადარნი“ არიან მისი ფათერაკების მოწმენი. გელა გახლავთ ავტორი ასეულობით ფოტოსი, რომლებიც სოციალურ ქსელში fotos (გრაფის) გვერდის საშუალებით ვრცელდება. საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადაღებული ფოტოები უნიკალური და განუმეორებელია ავტორის მიერვე შექმნილი ფოტონოველების გამოც. სწორედ fotos (გრაფის) სახელს უკავშირდება ფოტოგრაფიის ამ საინტერესო ჟანრის - ფოტონოველის ქართულ სივრცეში დამკვიდრება, რაც მის შემოქმედებას უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის.
გელა ჩადუნელს საზოგადოება იცნობს, როგორც ავტორს ცნობილი სიმღერების ტექსტებისა, რომლებსაც ყველასათვის საყვარელი მომღერლები ლაშა ღლონტი, ბესიკ კალანდაძე, გია დავითიანი, ლაშა რამიშვილი და ანსამბლები “თეატრალური კვარტეტი”, “ფლეში” ასრულებენ. გელა ჩადუნელის პირველი ფოტოგამოფენა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა ბათუმში.
"ჩემს სამყაროში... ბევრი ფერია...
ბევრი სალი კლდე... ქარაფებია...
ბევრი სიმწვანე... ბევრი მთებია...
ბევრი მდინარე... ბევრი ტბებია ...
ბევრი ჩანჩქერი... ბევრი ზღვებია...
ბევრი მყინვარი... ბევრი ქედია...
იბადებიან... და არ ქრებიან...
იზრდებიან და... არ ბერდებიან..."
გელა ჩადუნელი მაქსიმალისტია - მისთვის ყველა(ფერი) სიყვარულით იწყება, უშურველად გასცემს სიკეთეს, უანგარო თანადგომაც შეუძლია და მეგობრისთვის თავგანწირვაც. მისთვის კი „მთავარი მაინც სამშობლო არის, უპირველესად არის მთავარი!“